საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მეირ გაკეთებული განცხადებები, რომელიც მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებას ეხება, სამოქალაქო სექტორის ყურადღების ცენტრში მოექცა.
მმართველი გუნდი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომსა და რევოლუციურ სცენარებს პროგნოზირებდნენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თავისუფალი უნდა იყოს ძალადობისა და აგრესიული რიტორიკისგან.
მესამე სექტორის წევრებმა ერთობლივი მიმართვაც მოამზადეს, რომელსაც ხელს „სამართლიანი არჩევნები“, „გამჭვირვალობა საქართველო“ და "ახალგაზრდა იურისტები" აწერენ. ისინი მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ მსგავსი შემაშფოთებელი განცხადებების გაკეთებისგან.
„სრულიად მიუღებელი და უპასუხისმგებლო განცხადებებია სამოქალაქო ომის პროგნოზებთან დაკავშირებით, თითქოს რაიმე კონკრეტული შედეგის შემთხვევაში, შესაძლოა ქვეყანაში ძალიან სერიოზული პროცესები განვითარდეს და სამოქალაქო ომამდეც მივიდეს საქმე. ასევე, ვნახეთ რომ რიგ შემთხვევებში კონკრეტულ ფიზიკური დაპირისპირების და თავდასხმების ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ჩვენ ვხედავთ რომ როდესაც რადიკალური განცხადებები კეთდება, ამ რადიკალური განცხადებებს შესაძლოა კონკრეტულ ადგილებზე მუნიციპალიტეტებში შეიძლება ჰქონდეს მართლაც წამახალისებელი ფაქტორი,“ - განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
ქვეყნისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ეკა გიგაურის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა იკისროს ვალდებულება, რომ მეორე ტური მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.
„თავისთავად, როდესაც მეორე ტური არის ქვეყანაში, ისედაც დაძაბულია ვითარება და ამას კიდევ უფრო მეტად ძაბავს ის განცხადებები, რომელიც გვესმის ჩვენ თანამდებობის პირებისგან. არეულობა და დაპირისპირება საზოგადოებაში, არის მიუღებელი და არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ პირველ რიგში, მმართველმა პარტიამ უნდა იცოდეს, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის ასეთი განცხადებების გაკეთება არის ძალიან ცუდი,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.