"ქართული ოცნების" მთავარ ოფისში შეხვედრები და კონსულტაციები გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე დილიდან რეგიონების წარმომადგენლებს და ქალაქის მერებს ხვდებიან. ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტიის ლიდერებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებენ.
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლებს უპასუხა, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მეორე ტურში დახმარება აღმოუჩინონ.
„რაც შეეხება იმას, რომ მერები დღეს ცენტრალურ შტაბში არიან, საარჩევნო პროცესში ვართ, ჩვეულებრივად მიმდინარეობს მზადება მეორე ტურისთვის, აქ რაღაც სიახლე და გასაოცარი არაფერია. კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში ხდება. რაც შეეხება ძველ გვარდიელებს, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის მომავალზე, განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სტაბილურობაზე,“- განაცხადა კახა კალაძემ.
შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან კომენტარი გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობასთან კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და აქვს.
"ჩვენ მოსახლეობასთან არ გვქონდა პრობლემა, რომ კონტაქტი გვქონოდა, ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ასეთნაირად გავაგრძელებთ. მათი საკითხები უნდა იყოს გათვალისწინებული,“- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.