19 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
განცხადებები ოთარ ფარცხალაძის საქმეზე - ხმაური პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა, ევროპული საქართველოს  წევრმა, სერგო რატიანმა, განცხადება ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გააკეთა, რასაც უმრავლესობის მხრიდან კრიტიკა და კამათი მოჰყვა.

სერგო რატიანმა გამოსვლის დროს განაცხადა, რომ დღემდე გამოუძიებელია სხვა დანაშაულებრივი ფაქტები, მათ შორის არის ზაზა სარალიძის საქმე. 

„გაგერკვიათ, რომ ფარცხალაძე იყო გარკვეულწილად სამართალდამრღვევი და გასაგებია, რომ პირველი ტურის წინ ბატონი ივანიშვილი იცავდა მას. მაგრამ იცოდეთ, რომ კიდევ ბევრი ძალიან სერიოზული დანაშაული არის ჩადენილი და რასაკვირველია, ეს არის სარალიძის საქმე. რასაც აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ის ცელოფნებს უნგრევს და წვიმაში იმის საშუალებასაც არ აძლევს, რომ ნორმალურად გამოხატონ პროტესტი, ეს უბრალოდ სამარცხვინოა და ამ მიმართულებითაც პასუხს გაგცემთ თქვენ ამომრჩეველი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა, ოპოზიციას ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წელი შეახსენა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხელშეუხებელი არავინ არ არის და ვინც სად დაარღვევს კანონს, მას კანონის პროპორციულად და ადეკვატურად მოეთხოვება პასუხი. ჩვენ ვიცით და გვახსოვს, რომ შავით თეთრზე ჩანდა დანაშაულებრივი სისტემა, დანაშაულებრივი ქმედებები, მათ შორის, მინისტრების მხრიდან, მათ ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან, რომლებისთვისაც კანონი არ მოქმედებდა და ისინი მართლა კანონის გარეშე მოქმედებდნენ და ძალაუფლებას იყენებდნენ ბოროტად და ამის შედეგი იყო ის, რომ უდანაშაულო ადამიანები სასტიკი წამების ნიადაგზე იღუპებოდნენ,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა, რასაც დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა, იონათამიშვილს ზაზა სარალიძის საქმე შეახსენა და განაცხადა, რომ დათო სარალიძის მკვლელობის საქმე დღემდე გამოუძიებელია.

„დამნაშავეები არიან აქ და ახლა, სარალაძის მკვლელები არიან აქ და ახლა.. რატომ აფარებთ ხელს იმ გამომძიებელს, რომელსაც აქვს დარღვევა. რატომ აფარებთ ხელს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა. 

დღის ამბები