ქართულ ოცნებაში ვეტერანი წევრები ბრუნდებიან. კასპის ყოფილი გამგებელი, ოლეგ იაძე, დღეს ოცნების ოფისში დაიბარეს და წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვეს. კონკრეტულად რა დავალება მიიღო ოლეგ იაძემ და რას გააკეთებს კასპში, სადაც პირველ ტურში ქართული ოცნება ოპოზიციასთან დამარცხდა, უცნობი დარჩა.
ოლეგ იაძე ქართული ოცნების გუნდში 2012 წლიდან იყო. გამარჯვების შემდეგ ის ბიძინა ივანიშვილმა კასპის გამგებლადაც დანიშნა, თუმცა, მის დანიშვნას მალევე ოცნების კასპის რაიონულ ორგანიზაციაში შიდა დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. კასპის გამგებლის პოსტი ოლეგ იაძემ მაშინ ამბოხებულების შიმშილობის პერმანენტული აქციების შემდეგ დატოვა.
ოცნებაში ბრუნდება სოსო ჯაჭვლიანიც. 2016 წელის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკურ პენსიაზე გაშვებული ყოფილი დეპუტატი დღეს ქართულ ოცნებაში მივიდა.
2015 წლის შემდეგ ივანიშვილის გუნდმა დღეს პირველად დაადასტურა, რომ შესაძლოა, მათ რიგებში ირაკლი ღარიბაშვილიც დაბრუნდეს.
ვეტერანი წევრების ნაწილი ოცნებაში ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ დაიბარეს. ის, ვინც ივანიშვილის სიაში ჯერ ვერ მოხვდა, მმართველ პარტიას თავი თავად შეახსენა. მეორე ტურში ოცნებას მხარს დაუჭერს წინა მოწვევის პარლამენტში მუშტიკრივის ერთ-ერთი ინიციატორი ზურაბ ზვიადაური და მსახიობი თამაზ ჯაფარიძე.
ე.წ. ძველი გვარდიის გვერდით გაწევა რომ ქართული ოცნების დიდი შეცდომა იყო, ამაზე დღეს ღიად დეპუტატი ნუკრი ქანთარიამ ილაპარაკა.
ბიძინა ივანიშვილმა საკადრო წმენდა ქართულ ოცნებაში გუშინ დაანონსა.