თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, არმაზ ახვლედიანი, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას არჩევანის ეთერში აფასებს.
„დავინახე საკმაოდ რთული, მძიმე ბოლო ოცნებისთვის,“ - განაცხადა ახვლედიანმა ივანიშვილის გამოსვლის შეფასებისას.
მისი თქმით, ივანიშვილს 2013 წელს ეუბნებოდა, რომ ქართულ ოცნება ცვლილება სჭირდებოდა, რასაც ის იზიარებდა, თუმცა, სხვებთან შეხვედრის შემდეგ ის შეხედულებებს ცვლიდა.
„მე ვფიქრობ, რომ ის სასწორზე დებდა ასეთ რამეს - პრაგმატულად, ადამიანურად, შორეულ ისტორიულ პერსპექტივაში, ალბათ, მე ბიძინა ივანიშვილი ჩავეწერები საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთი აღმშენებელი კაცი, თუ დავუშვებ, რომ ამ პარტიამ დავუშვათ წააგო, მოვიდეს ოპოზიციური ძალა, მაგრამ ერთხელ მაინც შეიქმნას საქართველოში გარემო, როდესაც მარცხი არ ნიშნავს დაღუპვას და გამარჯვება არ ნიშნავს შემდეგ იმ გამარჯვებულის დაქცევას,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, ივანიშვილის ვიდეომიმართვაში ვერ დაინახა, რომ ივანიშვილმა გაიაზრა, რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა.
„ეს ჩემთვის იყო იმედის ბოლო წვეთი, ბოლო წერტილი. მე გუშინაც შესაძლოა, გულუბრყვილოდ, მეგონა, რომ პრაგმატიზმი, ლოგიკა, ინსტინქტები ან რაღაც სხვა იქნებ ამ ადამიანს ათქმევინებდა მთავარ სათქმელს, გულახდილად, გულწრფელად, რა დაშავდებოდა ამით? არც არაფერი. მე გეტყვით გულახდილად, მე მის გამოც მტკივა გული, მე არ ვუსურვებ მას ამ მომავალს, რასაც პრინციპში ვხედავ,“ - აღნიშნა ახვლედიანმა.
ახვლედიანი ამბობს, რომ დღეს მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, რადგან ერთპიროვნული მმართველობა მისთვის მიუღებელია.
"ვუჭერ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს იმიტომ, რომ მიმაჩნია, ეს არის ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჯერ ერთი, დაბალანსდეს ეს თავზეხელგასული და მოუთოკავი ხელისუფლება და მეორე მხრივ, მიეცეს შანსი ახალ ძალებს," - განაცხადა ახვლედიანმა.