„ივანიშვილმა ასე მოატყუოს ლაშა ნაცვლიშვილი,“ - ასე ეხმაურება პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას და ამბობს, რომ მოსახლეობას მისი განცხადების არ სჯერა.
მის თქმით, არავის სჯერა, რომ ოთარ ფარცხალაძეს რეალურად დასჯიან და ყოფილი გენერალური აუდიტორის საქმეზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდება მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია.
„ანეგდოტების ქვეყანაში ვართ, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ რომ არის ფილმი და ბოლოში არის უპატარძლო ქორწილიაო, ასე დამალეს პრეზიდენტობის კანდიდატი, გაგიგიათ ასეთი რამ?“ - ამბობს ელისაშვილი.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აღარ ჩანს, რადგან მისი განცხადებები საზოგადოებისთვის მიუღებელია.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართველი ხალხის მიერ ძალიან დიდი ალიყურის 5 თითი ეტყობოდა სახეზე. აი, რა სილაც მოხვდა, ის ეტყობოდა სახეზე, თან ისეთი წითელი თვალები ჰქონდა, გეგონება სვარკის აპარატით იყო მთელი ღამე ხელში,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, ივანიშვილმა კონკრეტულ პრობლემებზე არ გაამახვილა ყურადღება ვიდეომიმართვაში. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია.
ალეკო ელისაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ სამოქალაქო მოძრაობის წამოწყებას გეგმავს, რათა ქვეყანაში ალტერნატიული ძალა გაჩნდეს.