სალომე ზურაბიშვილის შემდეგ გერმანულმა გამოცემა "Deutsche Welle"-მ ინტერვიუ პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან ჩაწერა.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საუბრობს პირველი ტურის შედეგებზე, რუსეთზე და ბიძინა ივანიშვილზე. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღეს "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს ქართული საზოგადოება როგორც ჩუტყვავილას ისე ებრძვის.
„რა თქმა უნდა, საქართველო ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანა გახდა. თუმცა მთავარი თავისუფლებები შენარჩუნებულია. ივანიშვილი და მისი ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება ჩუტყვავილას წარმოადგენს ქვეყნისთვის. ხომ იცით რა არის ჩუტყვავილა? ამით ბავშვობაში ავადმყოფობენ და პირველი სამი დღის შემდეგ, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსზე ზემოთ ადის, იწყება რეაბილიტაციის პროცესი. ახლა ჩვენ ივანიშვილს ვებრძვით როგორც ჩუტყვავილას.
არ ვაპირებ პუტინთან შეხვედრას, რადგან ჩემი გამარჯვების შემთხვევაში არ ვიცი როგორი იქნება კრემლის რეაქცია. ჩვენ ახლა თქვენს ქვეყანაზე ვსაუბრობთ. საქართველომ თავისი დამოუკიდებლობით რუსეთს კავკასიაში სტრატეგიული როლი წაართვა. რუსეთი კი მის დასაბრუნებლად იბრძვის. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ოკუპირებული რეგიონები რუსეთის პრობლემას ვერ წყვეტს. ის წააგავს ჩემოდანს სახელურის გარეშე, რომელსაც ვერც გადააგდებ, რადგან შეგრცხვება, და ვერ წასაღებად გამოიყენებ“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.