ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება - ფინანსთა სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, რა კავშირშია ლარის კურსის ვარდნა და წინასაარჩევნო პერიოდი.
თუმცა ფიქრობენ, რომ კურსზე მოსახლეობის მოლოდინი მაინც მოქმედებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, მთავრობა ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება, თუმცა ოპოზიციაში თვლიან რომ ხელისუფლების მიდგომა არათანმიმდევრულია.
„ჩვენ ფუნდამენტური ფაქტორები, რაც კურსის ფორმირებას უწყობს ხელს, მათ შორის, ეს არის ექსპორტ-იმპორტის და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი პოზიციები ამ მიმართულებით, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ კურსი დღეის მდგომარეობით არის უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მოლოდინების ეფექტია ეს, რა თქმა უნდა, და მოლოდინების ჩამოყალიბებაში ბევრი ფაქტორი იღებს მონაწილეობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ეს მოლოდინების ეფექტიც უნდა მოიწუროს და კურსი უნდა დასტაბილურდეს,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ეროვნული ბანკის ბოლო ინფორმაციით, ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 77 თეთრია.