მთავრობის წევრები ადასტურებენ, რომ მინისტრები სალომე ზურაბიშვილის მხრადამჭერ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები არიან. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ცესკო-ს გადაწყვეტილებას ელოდება იმასთან დაკავშირებით თუ როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.
„კურიერის“ კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნება და უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ, წულუკიანმა არ უპასუხა.
„ჩვენ ველოდებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას, მანამდე რაიმე ტიპის ვარაუდებზე კომენტარი, ალბათ, არასწორი იქნებოდა. საარჩევნო პროცესში ჩართული ვარ მეც და მომავალ დღეებში კიდევ უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული, მე მაქვს ამის უფლება. ყველა მინისტრს, მათ შორის ბატონ გახარიას აქვს სრული უფლება, რომ ის იყო საარჩევნო პროცესში ჩართული,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც გააკეთა.
„აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის წევრიც მე გახლავართ, დაკავებულია მიმდინარე პროექტების მართვით. არჩევნების პროცესში ჩართულია აღმასრულებელი ხელისუფლება იმ ფორმატით, რითიც უნდა იყოს ჩართული და არა პოლიტიკური ფორმატით,“- განაცხადა სერგეენკომ.