„ქართული ოცნების“ დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს.
მან პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტიდან მიმართა და დავით ფერაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
„ვთხოვე ბახტაძე, ეს კაცი ვერ ერკვევა, ელემენტარულად, სამტრედია, რომ არის რკინიგზის კვანძი. საერთოდ, მგონი, ვაგონში არ არის ნაჯდომი და ასეთი კაცი არის რკინიგზის მენეჯერი. ეს კაცი არის სასწრაფოდ გასათავისუფლებელი თანამდებობიდან. დღეს, მე ვთხოვ ამ ტრიბუნიდან მამუკა ბახტაძეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება რკინიგზას და ის კაცი იქნას თანამდებობიდან დათხოვილი,“ - განაცხადა გრიგოლ მიქელაძემ.
სამტრედიის მაჟორიტარი სწორედ რკინიგზის მენეჯმენტის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს მის ოლქში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას.
„სამტრედიაში რატომ წავაგეთ ჩვენ? იმიტომ წავაგეთ, რომ სამტრედია არის რკინიგზელთა ქალაქი, ყველა მესამე ოჯახი არის რკინიგზელი და სამტრედიაში 180-ათასიანი ბაქანი ვერ ავაშენებინე, შემპირდნენ, მომატყუეს,“ - ამბობს გრიგოლ მიქელაძე.