სალომე ზურაბიშვილი რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ მედიასთან გამოჩნდა - პრეზიდენტობის კანდიდატს თავის მართლება დღეს საოკუპაციო ხაზთან მოუხდა.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, ატოცში ჩასულს, სამოქალაქო აქტივისტები აგვისტოს ომზე მისი ცნობილი განცხადებების გამო დაუპირისპირდნენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი ამბობს, რომ ზურაბიშვილის ატოცში ჩასვლის მორალური უფლება არ ჰქონდა. სამოქალაქო აქტივისტების კითხვას, ვინ დაიწყო ომი დღეს ზურაბიშვილმა არ უპასუხა.
დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩასულმა სალომე ზურაბიშვილმა, რუსი ჯარიკაცების მიერ გავლებული წითელი ხაზი საზღვრად მოიხსენია.
აგვისტოს ომზე ცნობილი პოზიციის გამო სალომე ზურაბიშვილს დღეს გენერალი დევი ჭანკოტაძე დაუპირისპირდა. აგვისტოს ომის მონაწილემ მოსახლეობას, ძმათა სასაფლაოდან მიმართა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირები განისვენებენ. ჭანკოტაძე ამბობს, რომ კანდიდატს, რომელიც ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს, ხმას არ მისცემს და ამას არც სხვა პატრიოტები გააკეთებენ.
11-დღიანი გაუჩინარების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საჯარო სივრცეში გაძლიერებული დაცვის თანხლებით გამოჩნდა.
სალომე ზურაბიშვილს დღეს გეგმებზე არ უსაუბრია. შესაბამისად, როგორ წარმართავს ქართული ოცნების კანდიდატი მეორე ტურის რამდენიმეკვირიან კამპანიას, უცნობი დარჩა.
„კურიერის“ ინფორმაციით, მედიასთან კონტაქტი ზურაბიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აუკრძალეს და საარჩევნო კამპანიის წარმოება საკუთარ თავზე აიღეს.