„ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომების და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ჩაიდინა თავისი ხალხის წინაშე,“ - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი, ატოცში, რუსი მესაზღვრეების მიერ ახალი მავთულხლართების გავლებას.
დეპუტატმა ატოცში დღევანდელ ვიზიტზე ისაუბრა. ვოლსკი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად და ვეტერან მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ოკუპანტების ქმედებებში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.
გიორგი ვოლსკი კონფლიქტის ზონასთან მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ატოცში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა გააპროტესტეს და საპრეზიდენტო კანდიდატს მოსთხოვეს ეთქვა - ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი.
„სწორედ მათ გასწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად, გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დეფაქტო ხელისუფლების ქმედებებით. ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარად ენმ-მ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა დღეს, სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი უშვერი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს. ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ არასოდეს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან, ეს სწორედ ენმ-ის ხელწერაა,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.