„ეს იყო დროის გაწელვა და გამოძიების სხვა მიმართულებით წაყვანა“- ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მერაბ მორჩაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას.
საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მორჩაძეს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, თუმცა ის სასჯელს პირობით გამოსაცდელი ვადით მოიხდის.
სერგო რატიანი ამბობს, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების დროს მორჩაძის დაკავება მხოლოდ და მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურებოდა. მისივე განცხადებით, გამომძიებლებს უნდა დაეკავებინათ მიხეილ კალანდია და ასევე ის გამომძიებლები, რომლებიც დამნაშავეებს ხელს აფარებდნენ.
„ეს არის ერთ-ერთი ამ მასშტაბისთვის გარკვეულწილად უმნიშვნელო დეტალი, რომელიც უბრალოდ მაშინ, როდესაც ეს განახორციელეს, იყო დროის გაწელვა და სხვა მიმართულებით გამოძიების წაყვანა. მთავარი იყო, რომ უნდა დაეკავებინათ მ.კ. და მთავარი იყო ის, რომ გამომძიებლები და პროკურორები აფარებდნენ ხელს, ეს საქმე კვლავ რჩება დაუსრულებელ საქმედ,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
მერაბ მორჩაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, თუმცა მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მორჩაძეს პირობითი მსჯავრი დაედო. მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით 8 ივნისს დააკავეს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე.