19 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
"ოცნების" შიგნით დაიწყო ერთმანეთის ჭამა" - ოპოზიცია იურიდიულ კომიტეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება

ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს და სპიკერატში გადაინაცვლოს.

გავრცელებულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება. მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა კონკრეტულად, „ოცნების“ რომელი წარმომადგენელი იქნება იურიდიულ კომიტეტში. 

მისი თქმით, მმართველი გუნდის ყველა დეპუტატი ერთად ასრულებენ ნოტარიუსის ფუნქციას ბიძინა ივანიშვილისთვის.

„მთლიანად პარლამენტი „ქართული ოცნების“ ნაწილი არის ფაქტიურად ნოტარიალური ბიურო რომელიც აბსოლუტურად ყველა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას აფორმებდა. მე მინდა ვთქვა, რომ ოხანაშვილი პირადად იყო აქტიური მონაწილე იმისა, რომ ხორავას კომისიის შედეგები არ განხორციელებულიყო. არ  ვიცი ახლა ამისთვის აწინაურებენ თუ რა მიზეზია, თუმცა ფაქტია, რომ ოცნების შიგნით დაიწყო ერთმანეთის ჭამა რაც კრიზისის გარდაუვალი ნიშანია.“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი ვიცე სპიკერის თანამდებობის საერთოდ გაუქმებას ითხოვს. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ვიცე-სპიკერობის ინსტიტუტს რეალურად აქვს მხოლოდ ერთი დატვირთვა - შეჭამოს ბიუჯეტი.

„არის პარლამენტში  6 სპიკერი, ეს ნიშნავს, 6 მანქანა, 6 კაბინეტი, 6 აპარატი და მილიონობით ლარი ეხარჯება ერს. ამიტომ საერთოდ არ უნდა არსებობდეს  ვიცე სპიკერი და შეიძლება იყოს, ჯანდაბას ერთი,  ან სხვა შემთხვევაში  პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში რომელიმე კომიტეტის  თავმჯდომარემ შეიძლება შეითავსოს  სხდომის წაყვანა და ურტყას ის თავისი ჩაქუჩი. ამიტომ ეს არის უკიდურესად არაეფექტიანი სამსახური,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელიას დაწინაურების თემაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიიღებენ. სავარაუდოა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის სპიკერატში გადაყვანა, ე.წ. ძველი გვარდიის პოზიციების გამყარებას და ახალი სახეების ჩანაცვლებას უკავშირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები