19 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
ყოფილ სამხედროებს, სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადების გაკეთება და აქტივობა შესაძლოა, აეკრძალოთ

ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადების გაკეთება და აქტივობა შესაძლოა, აეკრძალოთ. ახალი ინიციატივის განხილვა ხელისუფლებამ გენერალ დევი ჭანკოტაძის გუშინდელი განცხადების  შემდეგ დაჩქარებული წესით დაიწყო.

მმართველი გუნდი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წარმომადგენლის მიმართვას სახიფათოდ მიიჩნევს.

გენერალმა საგანგებო მიმართვა რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გაავრცელა. დევი ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს კანონი არ უკრძალავს პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ. საერთაშორისო პრაქტიკა არის, რომ მათ შორის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც სურთ, რომ პოლიტიკაში თავი გამოიჩინონ, ეკრძალებათ სამხედრო ფორმით ასეთი განცხადებების გაკეთება. მიუხედავად იმისა, ვინ ვის მხარესაა, მე ვთხოვ ყველას, რომ თუ ვინმეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სურს, გაიხადოს სამხედრო მუნდირი, გააკეთოს პოლიტიკური განცხადება. ამას არაფერი კრძალავს,“- განაცხადა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყოფილმა თუ მოქმედმა სამხედროებმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვან.

„არავის, მათ შორის დევი ჭანკოტაძის პირადი გმირობა, ან მისი მოქმედებები ეჭვქვეშ არ დაუყენებია. აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, როცა სამხედრო მოქმედი ან ყოფილი საველე ფორმით გამოდის, ეს საზოგადოებაში აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს და იწვევს შეშფოთებას. ამ შეშფოთების გაჩენის შემთხვევისთანავე აუცილებელია, საზოგადოებამ მოუწოდოს, მიმართოს ყველა სამართალდამცავი თუ სამხედრო დაქვემდებარების პირებს, ან მოქმედებს, ან ყოფილებს, მათ გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაიცვან,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები