„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას ისევ ჩაკეტილ ოფისში კონსულტაციებით განაგრძობს. პარტიის ლიდერები დღეს დილიდან კვლავ ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ და ამ დრომდე თათბირობენ.
როდის გეგმავს მმართველი გუნდი მოსახლეობასთან შეხვედრებს, ისევ უცნობია. „ქართული ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ ისინი მოქალაქეებს ხვდებიან, მაგრამ მედიამ ამის შესახებ არაფერი იცის.
„საარჩევნო რეჟიმშია მმართველი გუნდი და კონსულტაციები არის არა ყოველდღიური, არამედ ყოველი საათობრივი. დეპუტატები გასულები არიან საარჩევნო ველზე, ხვდებიან ამომრჩევლებს, ეცნობიან პრობლემებს, სთავაზობენ იმ ინიციატივებს, რომელიც დღემდე არ არის მათთვის ცნობილი. იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენთვის აქილევსის ქუსლია ის, რაც გავაკეთეთ, მივიტანოთ მოსახლეობამდე, ამაში მედიაც ნაკლებადაა ჩართული იმიტომ, რომ გადართულია უფრო ნეგატივზე, ვიდრე პოზიტიური პროგრამები მიაწოდოს და სრული ინფორმირება მოახდინოს საზოგადოების, რომ მათ სარგებლით ისარგებლონ. ამიტომ ჩვენ ეს აქტიურ რეჟიმში გადავიტანეთ,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.