19 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
შავი PR ვაშაძის წინააღმდეგ და ზურაბიშვილის მხარდაჭერა - "პატრიოტთა ალიანსის" ბროშურები ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში

"პატრიოტთა ალიანსი" სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში ოფიციალურად ჩაერთო. ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის დაკვეთით, პარტიამ ბროშურები დაბეჭდა, რომელსაც ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციისთვის ავრცელებენ.

"პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ რუსეთის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს მართავს.

"პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაბეჭდილი ბროშურები ”კურიერმა” სადგურის მოედანზე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების სალაროებიდან გადაიღო. მოლარეები სააგიტაციო მასალას, რომლის მიზანი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის დისკრედიტაციაა, ბილეთებთან ერთად ავრცელებენ. მძღოლები ყვებიან, რომ ბუკლეტებს მგზავრებს ავტობუსებსა და სამარშრუტოებშიც ურიგებენ. თუმცა საიდან მოხვდა შავი პიარისთვის განკუთვნილი მასალა მათ ხელში, ამაზე საუბარი არ სურთ.

ავტოსადგომის მენეჯერი ამბობს, რომ საარჩევნო ბუკლეტები სადგურის მოედანზე ამავე სადგურის მესაკუთრე ,ავთანდილ ენუქიძემ მიიტანა. ენუქიძემ ”პატრიოტთა ალიანსს” საპარლამენტო არჩევნების დროს 60 ათასი ლარი შესწირა და ამ პარტიის საპარლამენტო სიის მეცამეტე ნომერიც იყო.

სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის "პატრიოტთა ალიანსი" მხოლოდ სააგიტაციო მასალების გავრცელებით არ შემოიფარგლება. ოფიციალურად ოპოზიციური პოლიტიკური პარტია სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად აქციების სერიას აანონსებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსი" არ მონაწილეობს და შესაბამისად ის საარჩევნო სუბიექტი არ არის. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, სხვა პარტიის მიერ გაღებული ფინანსური დახმარება კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად აკრძალულია.

არასამთავრობო სექტორი ამ ფაქტით დაინტერესებისკენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს. მათი განცხადებით, ”პატრიოტთა ალიანსმა” სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა გაიღო.

ავტორი: ნინო ვარშელაშვილი. 

დღის ამბები