სამოქალაქო აქტივისტი ნინო დანელია პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისადმი სოლიდარობის აქციას შეუერთდა.
ნინო დანელიას თქმით, ხელისუფლებას ეშინია სალოდარობის და სამართლიანობის მოთხოვნის მოქალაქეების მხრიდან.
დანელია პოლიციელების ქმედებას აკრიტიკებს, რომლებმაც მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის უფლება არ მისცეს და წაართვეს რამდენიმე კარავი.
„ხელისუფლებას ეშინია ნებისმიერი იმ გამოხატვის, რომელსაც ჰქვია თავისუფლება... მგონი, დღეს ყველა ადამიანი, განურჩევლად იმისა, თუ რა პოლიტიკური გემოვნება აქვს და ვის მისცა პირველ ტურში ხმა, მოვიდა იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა კრიმინალური პოლიტიკური პოლიციისგან, რომლის მოქმედებებიც დღეს ვნახეთ, სრულიად წარმოუდგენლად იქცეოდნენ ესენი, როდესაც გადაუარეს მართლაც ზაზა სარალიძის დედას,“ - განაცხადა დანელიამ.
დანელია აკრიტიკებს ასევე თბილისის მერიას, რომელმაც შვილმოკლულ მამებს წერილი გაუგზავნა, სადაც რუსთაველის გამზირის დატოვებას საახალწლო განათლებების და ნაძვის ხის განთავსების გამო სთხოვდნენ. დანელია ამ წერილს "ცინიზმად" და "კონსტიტუციის არცოდნად" აფასებს.
პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.
აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს.