თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, როდესაც სამართალდამცავებმა კარვების გაშლის უფლება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არ მისცეს.
სამუშია გმობს სამართალდამცავთა ქმედებას და გახარიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
„ახლა გაქვთ, ბატონო გახარია, საბოდიშოდ საქმე, როდესაც თქვენი ბრძანებით, სავარაუდოდ, სხვა გამორიცხულია, უბრალოდ, საპატრულო პოლიციის ეს თანამშრომლები ამაზე წასულიყვნენ, როდესაც თქვენი ბრძანებით სრულიად კანონიერი, დემოკრატიულ ჩარჩოებში მყოფი აქცია იქნა დარბეული,“ - განაცხადა სამუშიამ.
სამუშია ასევე კრიტიკულად აფასებს თბილისის მერიის მიერ შვილმოკლული მამების მიმართ გაგზავნილ წერილს, სადაც პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას 7 დეკემბრამდე სთხოვს.
სამუშიას თქმით, სწორედ მაგ დრომდე უნდა გასცენ სამართალდამცავმა უწყებებმა შვილმოკლულ მამებს მათი შვილების საქმეების შესახებ პასუხი.
„ადამიანები ითხოვენ სამართალს და ხელისუფლება მეუბნება, რომ ამათ უნდა დავადგა ნაძვის ხეო და ამაზე მეტი დაცინვა, საღ აზრზე თუ ხართ ვინმე, ცოტა გამოფხიზლდით,“ - ამბობს სამუშია.
ლევან სამუშია ამბობს, რომ პარლამენტის წინ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საკნები იდგა და ლიგიტიმური იყო, ხოლო ახლა სამი კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ.
„სამმა კარავმა შეგაშინათ. გამოდით ახლა, ვინც მაშინ ჩემთან ერთად იდექით და თქვით, რატომ ორმაგი სტანდარტები,“ - განაცხადა სამუშიამ.
პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.
აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს.