19 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
"შემრცხვა, ზაზასთან მოსვლა და ბოდიშის მოხდა მომინდა" - ნატა ფერაძე თბილისის მერიის მიერ შვილმოკლულ მამებთან გაგზავნილ წერილზე

მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი, ნატა ფერაძე, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციას შეუერთდა.

ფერაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარვები მიიტანეს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ფერაძე ვარაუდობს, რომ კარვებს სამართალდამცავები ისევ წაიღებენ.

ფერაძე ამბობს, რომ სამართალდამცავები კარვების წაღების შემდეგ ოქმსაც კი არ ადგენენ.

„ყველაფერი ბოლო-ბოლო გამოდის, რომ პოლიტიკური პროცესია. ის ძალადობა, რასაც ჩადის და ის, რასაც ახლა აკეთებენ, სრულიად დაუშვებელია და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ უკვე ვდგავარ ჩემს შვილთან ერთად და ახალგაზრდებიც იბრძვიან იმისთვის, რომ ჰყქონდეთ კარგი ქვეყანა,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

ნატა ფერაძე კახა კალაძის განცხადებას აკრიტიკებს, რომელმაც შვილმოკლულ მამებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვს, რადგან საახალწლო დეკორაციები, მათ შორის, ნაძვის ხე უნდა განთავსდეს.

„შემრცხვა და ზაზასთან მოსვლა და ბოდიშის მოხდა მომინდა, რომ კალაძე აცხადებს, რომ აქ უნდა იდგეს პლასტმასის ნაძვის ხე და ზაზა და მაჩალიკაშვილი უნდა წავიდნენ აქედან. მე სულ ვადარებ კალაძეს როგორ ხეებსაც რგავს, ის არ რგავს ხეს, რომელსაც ექნება ჩრდილი და რომელიც ეკოლოგიაზე იმუშავებს, ის რგავს რაღაც ძალიან ძვირიან, უნახავმა რა ნახაო, გოიმურ ხეებს, რომელიც ღირს ძალიან ძვირი და აქვს მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია,“ - განაცხადა ფერაძემ.

პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციის დაწყებისთანავე პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.

აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს. 

დღის ამბები