გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში მხარდამჭერებს აჭარაში ხვდებიან. ბათუმში შეკრებილებს სიტყვით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა რულოვსმა მიმართა.
სანდრა რულოვსის თქმით, ძალიან დიდი მოთმინება მართებს საზოგადოებას, რომ პირველი ტურის შემდეგ, საბოლოო გამარჯვება მოიპოვონ მეორე ტურშიც. რულოვსის განცხადებით, პირველი ტურის შემდეგ, არჩევანი ბევრად გამარტივდა, რადგან დარჩენილ ორ კანდიდატს შორის დიდი სხვაობაა და შესაბამისად არჩევანიც მარტივია.
„არჩევანი უფრო მარტივი გახდა მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩა. მათ შორის დიდი სხვაობაა. ერთი არის წინსვლა, მეორე, უკუსვლა. ადვილი უნდა იყოს მათ შორის არჩევანი, ვინც უკუსვლის მხარესაა, არ შეიძლება რომ უკუსვლა ასოცირდებოდეს ევროპელობასთან, კეთილდღეობასთან, არ შეიძლება უკუსვლა ასოცირდებოდეს სტაბილურობასთან, ეკონომიკურ ზრდასთან. ამიტომ მარტივია ჩვენი არჩევანი, უნდა წავიდეთ წინ. დავდგეთ ამ ფრონტზე და ისევ ვიბრძოლოთ, რომ წავიდეს ქვეყანა წინ. ამ კურსის შეცვლა მოხდება აუცილებლად გრიგოლ ვაშაძის მეშვეობით,“-მიმართა სანდრა რულოვსმა ამომრჩეველს.
აჭარლებს სიტყვით მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის, ძალა ერთობაშიას ერთ-ერთმა წევრმა მურმან დუმბაძემ. მან აჭარლებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. მურმან დუმბაძემ ოპოზიციის გაერთიანების მიზეზებზე ისაუბრა და "ძალა ერთობაშიაში" შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს პერსონალური მადლობა გადაუხადა.
აჭარლებს სიტყვით, ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ მიმართა. მისი თქმით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობამ არჩევნების პირველ ტურში მასტერკლასი ჩაუტარა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. მან გააკეთა თავის არჩევანი ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ. ბობოხიძის თქმით, ახლა მეორე ტურში, ხელისუფლება შეეცდება გააყალბოს არჩევნები, მაგრამ ამას არ დაუშვებს საზოგადოება.
ბობოხიძემ გუშინ, რუსთაველზე მომხდარი დაპირისპირება 7 ნოემბერს შეადარა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვერაფერი ისწავლა. ბობოხიძემ სალომე ზურაბიშვილს სამარცხვინო კანდიდატი უწოდა.