19 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
დაპირისპირება კარვების გაშლის გამო - შვილმოკლული მამების გუშინდელ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო

შვილმოკლული მამების აქციაზე გუშინ ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის წინ მივიდნენ და კარვების გაშლა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცა.

საპატრულო პოლიციის უფროსმა სამოქალაქო სექტორი შეთქმულებაში დაადანაშაულა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, არ არსებობს კანონის ნორმა, რომელიც კარვების გაშლას კრძალავს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი დედა აქციის დროს მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ. სარალიძის დედის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მოგვიანებით შეუძლოდ გახდა თავად ზაზა სარალიძე, რომელიც ასევე კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოს დატოვების შემდეგ შვილმოკლული მამა დედასთან ერთად პარლამენტის წინ აქციაზე დაბრუნდა.

რუსთაველის გამზირზე პოლიტიკოსები მივიდნენ და ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

საბოლოოდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან კარვები მაინც გაშალეს.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი. 

დღის ამბები