„თქვენ იმის კაცობა არ გყოფნით გამოხვიდეთ და თქვენი დანაშაული აღიაროთ. მე მოვითხოვ, სახელმწიფომ აღიაროს ეს დანაშაული,“ - ეს განცახდება, პანკისის ხეობაში სპეცოპერაცის დროს მოკლული ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
მაჩალიკაშვილი მოითხოვს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ყველა დამანაშავე პირი დაისაჯოს. მან ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა.
„ეს დღეს იწყება პანკისის ხეობიდან. დღეიდან ეს მიიღებს სულ სხვა ფორმებს და მოვითხოვ ამ „ოცნების“ გუნდის თავმჯდომარეს, დასაჯე ეს ყველა მხეცი, ვინც ჩაატარა პანკისის ხეობაში ეს ტერორისტული აქტი, ვინც დახვრიტა მძინარე ბავშვი, ვინც დამაყაჩაღა, თქვენ დღეს ისე იქცევით, როგორც იმ ღამეს იქცეოდა სპეცრაზმელთა ხროვა, როგორც ისინი იყვნენ პანიკაში, როგორც ისინი იქცეოდნენ არაადამიანურად, მხეცურად, დღეს თქვენ იმეორებთ ამას, ამას თქვენ არ გაპატიებთ, არც მე, არც ჩემი ერი და არც ქართველი ერი. ეს განცხადება დაიმახსოვრეთ, ამას თქვენ არ გაპატიებთ,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
აქციის მონაწილეები სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელის პანკისში გასულ წელს ჩატარდა და რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მმართველი პარტიის ოფისთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. საპატრიარქოს მოპირდაპირედ მდებარე სკვერში კი სამართალდამცველთა დამატებითი რაზმებია განთავსებული, სკვერში ათობით პოლიციელი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დგას.