საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდა. რომან გოცირიძემ მმართველი პარტიის წევრები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე დამნაშავეების ხელის დაფარებაში დაადანაშაულა.
გოცირიძის თქმით, მმართველი პარტია ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში დაკავებულ მირზა სუბელიანს მფარველობს.
„სამწუხაროდ, თქვენ ამას არ მიიღებთ, ვინაიდან ამ პროცესში, სადაც არიან დამნაშავეები და რომელსაც ხელს აფარებდა მთავრობა, პროკურატურა და სხვა სტრუქტურები ხელის დამფარებელთა რიგებში დაემატეთ თქვენ, კომიისის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ერთ-ერთი დეპუტატი კვირა დღეს შეუშვა სუბელიანთან ჩანაწერების დასადგმელად,“ - განაცხადა რომან გორიციძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ რომან გოცირიძე სიცრუეში დაადანაშაულა და კონკრეტული მაგალითების დასახელებისკენ მოუწოდა.
„არ გავატარებ ამ ნათქვამს, ვინ აფარებს და რითი აფარებს ხელს? ვინ? რომელ დამნაშავეს?“ - მიმართა ბესელიამ გოცირიძეს.
გოცირიძემ ეკა ბესელიას კითხვას ვერ უპასუხა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიკროფონი გამოურთო. მან რომან გოცირიძეს მოუწოდა დაასახელოს, რა შეიძლება იყოს სუბელიანისთვის ხელის დაფარების მოტივაცია.
გოცირიძემ ირაკლი კობახიძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის მოტივაცია შეიძლება იყოს ის ინფორმაცია, რასაც მირზა სუბელიანი ფლობს.
კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ სანდრო გირგვლიანის საქმე შეახსენა.
„ნაცმოძრაობამ" მოკლა ხომ სანდრო გირგვლიანი, როდესაც მოკალით სანდრო გირგვლიანი საკუთარ დანაშაულს ფარავდით და მოტივაცია გქონდათ. აქ მოტივაცია სად არის ამას გეკითხებით, არ არის მოტივაცია და ამიტომ წაგებული გაქვთ ეს ამბავი... რა არის იცით პრობლემა, დღეს გამოაცხადეს დამნაშავედ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, როდესაც არცერთი მტკიცებულება კომისიას არ დაუდგენია, კომისიის წევრები ესწრებიან აქ. დაადგინა კომისიამ რაიმე მტკიცებულება, რომ მ.კ.-მ რაიმე ჭრილობა მიაყენა სარალიძეს, არის თუ არა ამასთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება,“ - განაცხადა კობახიძემ.
ამაზე საპასუხოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ კომისიამ დაადგინა ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე პირი, რომელსაც საგამოძიებო უწყებები არ იჭერენ.