ოპოზიცია ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ძალოვანი უწყებები საარჩევნო პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირებას არ ახდენენ. ოპოზიციის თქმით, მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოპოვებისთვის ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს.
„საარჩევნო პერიოდში ჩადენილ ძალადობაზე სათანადო რეაგირება არ ხდება, როგორიც იყო ახალქალაქში, სიღნაღში. პოლიციელებს უკანონო და ამორალურ დავალებებს აძლევენ, მოქალაქეებს კარვებს ართმევენ და იღლიაში ამოჩრილი კარვებით დარბიან პოლიციელები, ასეთი დავალება აქვთ ხელმძღვანელობისგან. ამიტომ, შს მინისტრსა და ზოგადად, მთვარობას მოვუწოდებ, საარჩევნო კამპანია კანონის ფარგლებში აწარმოონ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
ოპონენტების ბრალდებებს ხელისუფლება არ იზიარებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა.
„ვერანაირი ძალადობა ჩვენს ქვეყანაში ვერ მიიღებს იმ შედეგს, რაც სურს „ნაციონალურ მოძრაობას,“ ძალადობა იქნება აღკვეთილი, ქვეყანას ექნება აუცილებლად მშვიდი საარჩევნო გარემო. „ქართული ოცნება“ არჩევნების პროცესს წარმართავს კანონის ზედმიწევნით დაცვით,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დემოკრატიულად ჩატარდა და ასევე გაგრძელდება მეორე ტურზეც.
„თანამდებობის პირები არიან იქ, სადაც არის მათი სამინისტროების საქმეები. იმის გამო, რომ ვაშაძე არის შეწუხებული, სახელმწიფო ფუნქციონირებას ვერ შეაჩერებს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.