„ქართული ოცნების“ იდეოლოგი, გოგა ხაინდრავა განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს - ის სახელმწიფო ბიუჯეტში 3 მილიონ ლარზე მეტ დავალიანებას არ აბრუნებს.
ეკონომიკის მინისტრმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ გოგა ხაინდრავას სახელმწიფო ბიუჯეტის 3 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, თუმცა საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება.
გიორგი ქობულიას თქმით, გოგა ხაინდრავა ფულის ჩამოწერას ითხოვს. „შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ხაინდრავასთვის ვალი ჩამოწერის თემაზე მსჯელობა ჯერ ისევ მიდის, გადაწყვეტილებას ვერ იღებს და „ქართული ოცნების“ მთავარ იდეოლოგს ურჩევს, სასამართლოში იდავოს.
ხაინდრავას დაგროვებულ მილიონებზე პასუხი დღეს ისევ არ ჰქონდა ფინანსთა მინისტრს. ივანე მაჭავარიანმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა და თქვა, რომ ხაინდრავას ვალის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
გოგა ხაინდრავამ ჯერ 3 მილიონზე მეტი ლარის ვალი დააგროვა, შემდეგ კი ამ თემაზე დასმული კითხვის გამო „კურიერის“ ჟურნალისტს საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.
„ქართლი ოცნების“ მთავარმა იდეოლოგმა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეჟისორობიდან ბიზნესში წასვლა გადაწყვიტა. მის კომპანიას „მიწადმოქმედთა ერთობას“ 2014 წელს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 34 937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გადასცა.
ღარიბაშვილის განკარგულებაში წერია, რომ მიზერულ ფასად მიწის შემდეგ ხაინდრავა ვალდებული იყო, თეთრწყაროში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, შეეძინა 150 ძროხა, მოეშენებინა ფუტკარი, აშენებინა სათბური და დაესაქმებინა ხალხი, თუმცა, ეს ვალდებულებები არ შეასრულა.
მიმართავს თუ არა გოგა ხაინდრავა სასამართლოს, ჯერჯერობით, უცნობია. ეკონომიკის მინისტრმა სკანდალური სიუჟეტის გასვლის შემდეგ პირდაპირ მოუწოდა იმ გზისკენ, სადაც საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ქობულიას უწყება აღარ იქნება.