„სალომე ზურაბიშვილის გაგებით, გამოდის, რომ ჩვენი გმირები, ანწუხელიძე, ჭედია, შინდისის გმირები არ არიან გმირები, რადგან ისინი დანაშაულის ჩადენის დროს დაიღუპნენ,“ - ასე ეხმაურებიან ყოფილი სამხედროები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
არა სალომე ზურაბიშვილს! - ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
„როცა მან დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში, მერე ჩვენ კარგად გვახსოვს, მერე მან შეცვალა და თქვა, რომ საქართველომ კი არ დაიწყო, დაიწყო სააკაშვილმა. მან კიდევ უფრო დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან იმ პერიოდში სააკაშვილი იყო მთავარსარდალი და სამხედროებს, ყველას გვითხრა, რომ ჩვენ შევასრულეთ მაშინდელი მთავარსარდლის დანაშაულებრივი ბრძანებები, ე.ი. ჩვენ ყველა ვართ დამნაშავეები მისი გაგებით, გამოდის, რომ ჩვენი გმირები, ანწუხელიძე, ჭედია, შინდისის გმირები არ არიან გმირები, რადგან ისინი დანაშაულის ჩადენის დროს დაიღუპნენ,“- განაცხადა შეიარაღებული ძალების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკმა ბადრი შელიამ.
სამხედროები სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ ის, ვინც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა გახდეს.
„ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე წერტილი, რომელიც წარმოუდგენელია, რა გამოდის, ომი საქართველომ დაიწყო, ჩვენ ქართველმა ოფიცრებმა თუ რიგითებმა, ჩვენ დავიწყეთ ომი და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სოფლებს ჩვენ თითონ ვბომბავდით? ეს ჩემთვის მიუღებელია. რას ვეუბნებით ახალგაზრდა თაობას, შვილებს, კურსანტებს, ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა,“- განაცხადა ყოფილმა სამხედრომ მალხაზ ლაგაზიძემ.
კამპანიას ასეულობით სამხედრო უერთდება. ისინი საკუთარ პოზიციას საჯარო განცხადებებით განმარტავენ.
„არ ვაძლევ სალომე ზურაბიშვილს ხმას, არ ჩავუგდებ და იმათ სულებს არ შევურაცხყოფ, რომ საქართველო ჩაიგდოს სალომე ზურაბიშვილმა და მეჩითოვებისნაირმა ხალხმა მართონ საქართველო. ჩვენი ხელით ჩავაბარებთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთს,“- განაცხადა ყოფილმა სამხედრომ, ბაქარ შირაძემ.