საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღევანდელ დღესთან დაკავშრებით პარაკლისი მეტეხის ხიდზე გადაიხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.
„შეევედრეთ უფალს, რომ უფალმა 100 000 მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო გადარჩება, საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა,“ - მიმართა პატრიარქმა შეკრებილებს.
ღონისძიებას პრემიერმინისტრი, დედაქალაქის მერი, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ესწრებიან.
„დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართველი ერის სულის სიმტკიცის, ჩვენი რწმენის სიმტკიცის, 100 000-მა ქართველმა სწორედ აქ თავი გასწირა თავის სამშობლოსთვის, თავის რწმენისთვის და ჩვენ, მათ შთამომავლებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ქრისტეს გზამ და ჩვენმა რწმენამ შემოგვინახა ჩვენი ქართველობა და ჩვენი სამშობლო,“ - განაცხადა პრემიერმა.
100 000 მოწამის დღეს საქართველოს ეკლესია იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებიც 1227 წელს, ჯალალედინის ლაშქრობისას, მოწამეობრივად აღესრულნენ.