საქართველოს შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტში ამ წუთებში დებატების თემაა.
დოკუმენტში ხაზგასმულ პრობლემებს შორისაა აფგან მუხთარლის გატაცება, ვანო მერაბიშვილის საქმე და მედიაპლურალიზმის არსებობის აუცილებლობა. ამ კონტექსტში პირდაპირაა ნახსენები რუსთავი2. ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშია საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები.
ხმაურიანი ანგარიშის შესახებ დებატების გამართვამდე ევროპარლამენტარები კურიერთან ინტერვიუში ადასტურებენ, რომ მოახლოებული არჩვენები მათი ინტერესის სფეროდ რჩება.
ანგარიშში, რომელზეც დღეს დებატები იმართება, ევროდეპუტატები ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ.
ასევე, ტექსტში წერია, რომ ელიტარული კორუფცია საქართველოსთვის მთავარ სეროზულ პრობლემად რჩება, რომელიც რეაგირებას საჭიროებს. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დამოუკიდებელი, პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალი ანტიკორუფციული სააგენტო შექმნას.
ანგარიშში ნახსენებია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. დოკუმენტის თანახმად, სიღარიბე საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
სტრასბურგში დებატებს ქართული დელეგაციაც ესწრება და პოზიტიური ანგარიშიც იმედი აქვს.
დოკუმენტის საბოლოო ტექსტი ხვალ კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.