03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
ჯაბა სამუშიას დეკლარაცია - რას მალავს დეპუტატი?

თბილისის საკრებულოს პირველი დეპუტატი, რომლის ქონებრივი დეკლარაციითაც დაინტერესდნენ, ჯაბა სამუშიაა. ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ წინასაახალწლოდ თბილისის ცენტრალურ უბანში სამი სახლი ერთდროულად იყიდა. ნუცუბიძის ქუჩაზე ჯაბა სამუშიამ მშენებარე კორპუსში რამდენიმე ფართობი გააერთიანა და საერთო ჯამში 150 კვადრატულის ბინაზე გააფორმა ხელშეკრულება. ქონების ეს ნაწილი ჯერ დეპუტატის დეკლარაციაში ასახული არ არის.

სამი ბინის საერთო ღირებულება ჯაბა სამუშიასთვის 100 ათას დოლარს აღემატება, სამშენებლო კომპანიის ტარიფების მიხედვით, დეპუტატს ერთი კვადრატული მეტრი 780 დოლარი დაუჯდებოდა, კომპანიის წესდების მიხედვითვე, მას უკვე გადახდილი უნდა ჰქონდეს წინასწარი შენატანი, რომელიც მინიმუმ, 35 ათასი დოლარია, საერთო ჯამში კი ბინის თვითღირებულება, საბანკო პროცენტის გარეშე, მინიმუმ, 220 ათასი ლარი იქნება.

ჯაბა სამუშია სამი სახლის მესაკუთრედ თავს არ მიიჩნევს, თუმცა დეპუტატი ამბობს, რომ სახლის შესაძენად აღებული კრედიტისთვის ის საკრებულოს მთლიან ხელფასს ბანკში იხდის, ოფიციალური მონაცემებით, საკრებულოში სამუშიას ყოველთვიური შემოსავალი 3 ათას 200 ლარია. დამატებით, ლექტორის გასამრჯელოს იღებს უნივერსიტეტიდან და სამეცნიერო ჟურნალიდან, საიდანაც მთლიანი შემოსავალი მაქსიმუმ, 2 ათასი ლარია. 

ჯაბა სამუშია საჯარო რეესტრის ამონაწერებში ამ მშენებარე სახლის მესაკუთრედ ჯერ არ წერია, თუმცა ამავე დოკუმენტში დეპუტატი საცხოვრებელი ფართობის მყიდველად არის მოხსენიებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ფართობი სწორედ მის საკუთრებაში გადავა.

ჯაბა სამუშიას სამი სახლის ისტორიის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი "ფრეშნიუსმაც" მოამზადა, სიუჟეტში დეპუტატმა რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ფაქტის შესახებ ილაპარაკა. არასწორად დაასახელა შეძენილი ფართობის რაოდებობა, ტარიფები და ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციაც. სამუშია პირველია, რომლის ქონებრივი დეკლარაციაც მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა, მომდევნო დღეებში „მედიატორი” კიდევ ერთი დეპუტატის შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას.

დღის ამბები