ახალი საბანკო რეგულაციები, რომლის მიხედვით სესხების გაცემა იზღუდება, ძალაში პირველი იანვრიდან შევა. მმართველმა გუნდმა, ცვლილებების ამოქმედება არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადადო.
ცვლილებები, რომელიც დღეს უნდა ამოქმედებულიყო, ოპოზიცია და ეკონომიკური ექსპერტები თავიდანვე აპროტესტებდნენ.
ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების თარიღის გადავადება კითხვის ნიშნებს უჩენს ეკონომისტს, ზვიად ხორგუაშვილს. ანალიტიკოსის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ რეგულაციების ამოქმედების გადავადება ხომ არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ რეგულაცია შედარებით შერბილებულია.
„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი პოლიტიკისგან და მე ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან, მით უმეტეს, მეორე ტურთან, რადგან პოლიტიკურ პროცესში ჩართვა ეროვნული ბანკის, გააჩენს ეჭვებს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
შეზღუდვების ამოქმედებისთანავე გართულდება იპოთეკური სესხის აღება, შემცირდება მომხმარებელზე გასაცემი თანხის ოდენობა და მნიშვნელოვნად შეიზღუდება ნივთის განვადებით გაყიდვა.
კომერციული ბანკების შემდეგ, რადიკალური შეზღუდვები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც ეხებათ, რომელიც ასევე იანვრიდან ამოქმედდება.