19 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
პროვოკაციაზე აყოლა იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ქვეშ არსებული ძალების - დავით მათიკაშვილი აგვისტოს ომზე

„პროვოკაციაზე აყოლა იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ქვეშ არსებული ძალების,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას გააკეთა.

მათიკაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომი პროვოკაციებზე აყოლა და მცდარი გადაწყვეტილებების შედეგია.

„საქართველოს ტერიტორიაზე საქართველო ომს ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაიწყებდა, მაგრამ იყო პროვოკაციაზე აყოლა, მცდარი ნაბიჯი, მცდარი გადაწყვეტილება. პროვოკაციაზე აყოლა იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ქვეშ არსებული ძალების,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, პასუხისმგებლობა იმ მხარეს დაეკისრება, ვინც გენოციდი განახორციელა.

„პასუხისმგებლობის საკითხი დადგება იმ მხარის, რომელმაც მოაწყო გენოციდი, რომელმაც იქ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შესაძლოა დადგეს ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი.

მათიკაშვილის თქმით, ქართულ მხარეს მყარი არგუმენტები აქვს წარდგენილი, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია.

„პროცესზე არის წარდგენილი სამართლებრივად ძალიან მყარი არგუმენტაცია იმის, რომ ქართული მხარე არის ამ კონფლიქტში დაჩაგრული მხარე. ეს არის მხარე, რომლის მიმართაც განხორციელდა გენოციდი, რომლის მიმართაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, ამიტომ, პასუხისმგებლობა დაეკისრება, რა თქმა უნდა, იმ მხარეს, რომელმაც განახორციელა ეთნიკური წმენდა, რომელმაც განახორციელა აგრესია,“ - ამბობს მათიკაშვილი.

დღის ამბები