„სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ეს კორპუსი არის საცხოვრებლად უსაფრთხო, იქამდე არ მოხდება იქ მაცხოვრებლის შეშვება ბინაში,“ - ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ზემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ირაკლი ბენდელიანის თქმით, დაზარალებული ოჯახები უკვე გადაიყვანეს სხვადასხვა სასტუმროში.
ბენდელიანი ამბობს, რომ მოსახლეობას საკუთარ ბინაში დაბრუნების უფლებას მას შემდეგ მისცემენ, რაც ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.
„დაზარალებული ოჯახები გუშინვე გამგეობის მიერ გადაყვანილი და მოთავსებული იყვნენ შესაბამის სასტუმროებში. გუშინ იქ ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები, ასევე თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები. ისინი სწავლობენ აღნიშნულ ფაქტს. იმ ეტაპამდე, სანამ ყველა რისკი არ იქნება თავიდან აცილებული, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ეს კორპუსი არის საცხოვრებლად უსაფრთხო, იქამდე არ მოხდება იქ მაცხოვრებლის შეშვება ბინაში,“ - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ზემო ფონიჭალაში აფეთქება გუშინ დილით მოხდა, რის შემდეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
ბუნებრივი აირის დაგროვება, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სააბაზანო ოთახში მოხდა, სადაც წყლის გამათბობელი იყო დაზიანებული.