ჰააგის სასამართლოს წინაშე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეთა შესაძლო წარდგენას, იმერეთის გუბერნატორი ეხმაურება.
საქმე ეხება იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ კომენტარს, სადაც თეა წულუკიანმა თქვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით ჰააგის სასამართლოს მიმართოს.
ოპოზიცია წულუკიანის განცხადებას ღალატს უწოდებს. იმერეთის გუბერნატორი კი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი იყო და ომშიც მონაწილეობდა, "ნაციონალურ მოძრაობას" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ტაბატაძის თქმით, ჰააგის სასამართლოს წინაშე არა ქართველი სამხედროები, არამედ ის ადამიანები და ოკუპანტები წარდგებიან, რომლებმაც ქვეყანაში ეთნიკური წმენდა განახორციელეს.
იმერეთის გუბერნატორმა თვითმმართველობის შენობის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
"ეს არის მტკნარი სიცრუე და ჩემთვის, როგორც ამ ომის მონაწილისთვის შეურაცხმყოფელია. სასმართლოს წინაშე წარდგებიან ის ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც ამ პერიოდში მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენდა. შეიარაღებული ძალების პოლიტიზირების უფლება არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ ძალას. შეიარაღებული ძალები არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი," - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.