საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო სექტორის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის მუშაობის ღამის 00:00 საათამდე გახანგრძლივება უკანონო გადაწყვეტილებაა.
დავით ზალკალიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
მინისტრმა სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო უბნის მუშაობის გახანგრძლივება ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების გამოყენებით ახსნა.
„ეს იყო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება, რომ გახანგრძლივებულიყო 00:00 საათამდე იყო სწორედ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, განახორციელონ ის კონსტიტუციური უფლება, რაც გააჩნიათ - მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესში. ამიტომ, რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენ მხოლოდ ვახორციელებთ ამომრჩევლის რეგისტრაციას და ასევე, ადგილი, სადაც ტარდება, ეს არის საქართველოს საკონსულოები და საელჩოები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება იყოს გარანტირებული, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა და ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.