თბილისის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერები რეგიონებშიც ჩამოხსნეს. სამეგრელოში, პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის ნაცვლად, ადგილობრივებს დღეს ბიძინა ივანიშვილის პლაკატები დახვდათ.
ქართული ოცნების უცნაურ საარჩევნო კამპანიას ადგილობრივებიც და ოპოზიციაც ირონიით შეხვდა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პლაკატების შეცვლა მმართველი გუნდის და სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხალხის განწყობას ვეღარ შეცვლის.
„სალომე დამალეს, ფაქტობრივად. მე არ ვიცი, ეთერებიდანაც გააქრობენ თუ არა ზურაბიშვილს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება ქუჩებში, ის, რაც ხდება რეგიონებშიც, სამეგრელოს რეგიონშიც ზუსტად იგივე მოხდა. იქაც ღამის განმავლობაში ჩამოხსნეს ყველა ბანერი, სადაც იყო სალომე და იქ განათავსეს ივანიშვილის სურათები. ცხადია, ეს არის მცდელობა, რომ რაღაც შეცვალოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ატარებს კვლევებს და ამ კვლევებზე ის ხედავს, თუ რა ხდება. ხედავს იმას, რომ ქართული ოცნების რეიტინგი დნება ყოველდღიურ რეჟიმში და ძირითადად, მათ შორის იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამები ამას ხელს უწყობდა ძირითადად. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ეს უნდა გამოსწორდეს. შეუძლებელია, სალომე ზურაბიშვილის ჩანაცვლება მოხდეს ბიულეტენში. ეს მდგომარეობა, პირველ რიგში, მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება არის ისტერიკაში,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.