19 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ცრუ ინფორმაციები და შავი პიარი - ყალბი ახალი ამბების ნათლიმამის სახელით ცნობილი მოშე კლუგჰაფტი საქართველოში  

შავი პიარის სპეციალისტების ჯგუფი საქართველოში. რა მიზნით ჩამოიყვანეს ქვეყანაში შავი პიარის და ყალბი ახალი ამბების მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი, ამ კითხვით კურიერმა ქართულ ოცნების პრესამსახურს ოფიციალურად მიმართა, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო. დღეს კი სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ მოშე კლუგჰაფტი საქართველოში ივანიშვილის პარტიამ ჩამოიყვანა.

კურიერმა სასაზღვრო პოლიციიდან მოიპოვა კლუგჰაფტის ქვეყანაში შემოსვლასა და გასვლის დოკუმენტაცია. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ მან საქართველო 8 ნოემბერს დატოვა, თუმცა, რამდენიმე დღეში ისევ უკან უკვე 1-კვირიანი ვიზიტით დაბრუნდა.

კლუგჰაფტი ერთ-ერთი ძვირადღირებული პიარ სპეციალისტია. რამდენს იღებს საქართველოში ებრაელი სპეციალისტი, უცნობია. ქართულ ოცნებას ეს ხარჯები დოკუმენტებში გაწერილი არა აქვს და არც სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც არჩევნებზე ხუთი მილიონ ხუთასი ათასი უკვე დახარჯა. 

"აგრესიული" - ასე ახასიათებენ გავლენიანი გამოცემები ოცნების ახალ იდეოლოგს, მოშე კლუგჰაფტის. ის მსოფლიოში შავი პიარის გურუდ და აგრესიული კონკურენტის ნათლიმამადაა მიჩნეული. ის არჩევნების დროს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ყველაზე რადიკალურ მეთოდებს იყენებს.

საერთაშორისო მედიის ყურადღება მოშე კლუგჰაფტმა 2014 წელს ისრაელში გამართული წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიიქცია. 350 ათასი დოლარის სანაცვლოდ მან პრემიერ მინისტრის, ბინიამინ ნეთანიაჰუს, გუნდის პიარ სტრატეგია დაწერა. კლუგჰაფტის გეგმის მთავარი იარაღი სოციალური მედია იყო. ის ყალბ ვებ-გვერდებსა და facebook ანგარიშებს ქმნიდა, მათი მეშვეობით კი ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას კონკურენტი მემარცხენე პარტიის მიმართ. კლუგჰაფტი ანაზღაურების სანაცვლოდ არც არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას ერიდება.

ექსტრემისტი ჯგუფებისა და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობდა არჩევნებში მმართველი გუნდისთვის გამარჯვების მოპოვებას მოშე კლუგჰაფტი ავსტრიაშიც. ნახევარი მილიონი დოლარის სანაცვლოდ, მისმა გუნდმა ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერის, სებასტიან კურცის, წინააღმდეგ ღირსებისშემლახველი კამპანია სოციალური ქსელებისა და ყალბი ახალი ამბების გავრცელებით სცადა. თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოშე კლუგჰაფტის პიარსტრატეგიის შესახებ ინფორმაციამ ავსტრიულ მედიაში გაჟონა. სკანდალის შემდეგ კი, პარტია რომელსაც ქართული ოცნების იდეოლოგი პიარს უკეთებდა, დამარცხდა.

სამართლიანი არჩევნები ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ სოციალურ მედიას მონიტორინგს უწევს. მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ მეორე ტურის წინ ე.წ. ბოტები და ყალბი facebook გვერდები გააქტიურდა. 

ყველაზე ნეგატიური წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში - პიარტექნოლოგები ფიქრობენ, რომ ამ ფორმულირებით ჩაიწერება მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი ისტორიის სახელმძღვანელოებში.

სოციალურ მედიაში ყალბი მხარდამჭერი გვერდები ახალი დასახელებით და ძველი, ბინძური მეთოდებით სავარაუდოდ, არჩევნებამდე კიდევ უფრო გამრავლდება.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

 

 

დღის ამბები