ქართული ოცნება მის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის რუსული კავშირების გადაფარვას ყველა ხერხით ცდილობს. იმისთვის, რომ ზურაბიშვილს რაიმე ზედმეტი არ წამოსცდეს, მას მედიასთან კონტაქტიც აუკრძალეს.
პარიზიდან სანდო წყარომ კურიერს უამბო, რომ ზურაბიშვილის გზის გამკვალავი საფრანგეთში, მისი უახლოესი ნათესავი, მამის ძმისშვილი, ელენე ზურაბიშვილი იყო, ახლა ის ელენ დანკოა.
ელენ კარერ დანკოსი, ვისზეც სალომე ზურაბიშვილის საუბარი არ სურს, მისი ახლო ნათესავი და თანამოაზრეა, დანკოსს საფრანგეთში რუსეთის ხელისუფლების ცნობილ ლობისტად იცნობენ.
მაშინ, როდესაც დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების წინაღმდეგ მთელი ევროპა სანქციებს ითხოვდა, დანკოსი ერთ-ერთი იყო იმ მცირე ჯგუფში, ვინც საფრანგეთში კრემლს იცავდა.
რუსეთის პროპაგანდისტული მედიის რაშა თუდეის ვებგვერდზე დღემდე იძებნება ზურაბიშვილის ახლო ნათესავის ინტერვიუ, სადაც ის აგვისტოს ომს რუსულ ლაშქრობას უწოდებს და ამართლებს კიდეც.
წყარო კურიერს უყვება, რომ დიპლომატი ზურაბიშვილის კარიერულ წინსვლაში ბიძაშვილმა ელენმა, რომელიც საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი მდივანია, დიდი როლი ითამაშა.
სოციოლოგიის კვლევის უმაღლესი სკოლის ისტორიკოსი გიორგი მამულია, რომელიც უკვე წლებია, რუსეთს იკვლევს, ყვება, როგორ ემთხვევა რუსეთთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის და მისი ბიძაშვილის პოზიციები.
რა კავშირი აქვს სალომე ზურაბიშვილს დღეს ელენ ზურაბიშვილთან, ამ კითხვაზე კურიერმა პასუხის მოპოვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა, ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს ამ თემაზე ლაპარაკი არ სურს.
წარმოშობით ქართველი, ფრანგი ისტორიკოსი იმასაც ამბობს, რომ ყირიმის ანექსია პუტინს უნდა აპატიონ, რადგან ამით მან ისტორიული სამართლიანობა აღადგინა.
ელენ კარერ დანკოსი ამ ეტაპზეც საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი მდივანია, ამავდროულად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრია. მას რუსულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის ლომონოსოვის ჯილდოც გადაცეს.