19 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს თქვენი ძარცვის გაგრძელებას - სააკაშვილი საბანკო სექტორში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრობს

უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში სესხის აღება 8-ჯერ, ხალხის კი დავალიანება 4-ჯერ გაეზარდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ გეგმაზე საუბრობს თუ როგორ მოხდება - მისი თქმით, უსამართლო საბანკო ვალების წნეხისგან საზოგადოების გათავისუფლება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

"ეს არის უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი და ამ მონოპოლიებს სათავეში უდგას ივანიშვილი, ივანიშვილი და სამი ბანკი, რომლებიც ინაწილებენ ქართველების მთელ შემოსავალს და ართმევენ საქართველოს პერსპექტივას,"-აცხადებს სააკაშვილი. 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა იმ პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც მისი გუნდის მიერ განხორციელდება. სააკაშვილის თქმით, საუბარია გიორგი ვაშაძის მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე, რომელსაც ის მხარს უჭერს და რომელიც გულისხმობს საურავების გაუქმებას კრედიტებზე და მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწევას.  

"ჩვენ დავაწესებთ ეფექტური პროცენტის ზედა ზღვარს, ახალი მთავრობა გააკეთებს იმას, რომ პროცენტი იპოთეკის კრედიტის შემცირდება მინიმუმ ორჯერ. იქმნება სახელმწიფო გარანტიების ფონდი, მსოფლიო ბანკის აღებული კრედიტებით შეივსება და ამ ფონდის მეშვეობით მოხდება შემცირება მინიმუმ ორჯერ.  

სააკაშვილმა ასევე ისაუბრა დოლარში აღებულ სესხებზე და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოსახლეობას დოლარში არსებულ სესხებზე ბევრად მეტის გადახდა უწევს. 

​"დოლარის კურსი იყო სულ სხვა და ეხლა არის სხვა, ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით, ასევე სრულიად უსამართლო ვალებზე მოხდება მათი ორწლიანი გაყინვა,"-აცხადებს სააკაშვილი.

როგორც ექსპრეზიდენტი განმარტავს, ახალი მთავრობა მოახდენს საბანკო ბაზრის ლიბერალიზაციას და ქვეყანაში შემოვლენ სხვადასხვა ბანკები უფრო დაბალი პროცენტებით. 

"მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს თქვენს ჯიბეში აქვს ორივე თათი ჩაყოფილი, ამ ძარცვის გაგრძელებას,"-აცხადებს სააკაშვილი.  

დღის ამბები