ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანია - ასე აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის წინ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას.
განცხადება საია-ს თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ სასტუმროში Holiday Inn-ში გააკეთა, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მორიგი საერთო კრება მიმდინარეობს და ყოველწლიური ანგარიშს წარმოადგენენ.
„ყველა სუბიექტმა პატივი უნდა სცეს საარჩევნო კანონმდებლობას, ყველა სუბიექტმა პატივი უნდა სცეს მოქალაქეების უფლებას, რომ თავად, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერენ არჩევნებში მხარს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს, გამოიჩინონ მაქსიმალური კონსტრუქციულობა და უზრუნველყონ, რომ წინასაარჩევნო პროცესები მშვიდობიან გარემოში წარიმართოს.
„როგორც პირველი ტური, ისე მეორე ტური ეს არის უფრო ნეგატივზე აგებული. ისინი უფრო საუბრობენ არა იმაზე, თუ რატომ უნდა აირჩიო კონკრეტული კანდიდატი, არამედ იმაზე, თუ რატომ არ უნდა აირჩიო მისი ოპონენტი კანდიდატი. ზოგადად, იმედი მაქვს, რომ ეს არ გადავა რაღაც დაპირისპირებაში, როგორც ფიზიკურ, ასევე სხვადასხვა ისეთ შემთხვევებში, რაც არსებით გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.