19 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
"უპრეცედენტო ინიციატივა" - კობახიძე ვალების განულებასა და არჩევნების მოახლოებას შორის კავშირს ვერ ხედავს

„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულებაა ადამიანი“- ასე დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წლიდან მიმდინარე სოციალური პროექტების შეჯამება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა სოციალური სახელმწიფო, რომლის უმთავრესი საზრუნავი არის ადამიანის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის გეგმაზე ისაუბრა, რომელიც 2000 ლარამდე სესხების განულებას და ჩამოწერას ეხება. 

კობახიძის თქმით, 2012 წლიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაორმაგება მოხდა.

რაც შეეხება 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის ვალის განულებასა და შავი სიიდან მათ ამოწერას, კობახიძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა უპრეცენდენტოა და დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო ადამიანებზე ზრუნავს.

„აღნიშნული ინიციატივები მიმართულია ერთი მხრივ, ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და მეორე მხრივ, მათი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებისკენ. 600 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება. ეს არის უპრეცედენტო ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო ადასტურებს, რომ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვას, თუ რატომ ხდება ვალების ჩამოწერა და შავი სიიდან მოქალაქეების მოხსნა სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და არ მოხდა მანამდე ან არჩევნების დასრულების შემდეგ კობახიძე პასუხობს:

„როგორც მოგეხსენებათ ახალი მთავრობა დამტკიცდა რამდენიმე თვის წინ და როდესაც პარლამენტი ნდობას უცხადებდა ახალ შემადგენლობას ამ ნდობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახლდათ ეს ინიციატივები

ხორცი შეესხა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ბუნებრივია ამ საკითხების გადაწყვეტას, ბუნებრივია სჭირდებოდა რამდენიმეთვიანი დაგეგმვა, ეს მუშაობა დაიწყო რამდენიმე თვის წინ,როგორც მოგეხსენებათ პირველი განცხადება ამის თაობაზე გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ მისი პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე. მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება სწორედ ეხებოდა ჭარბვალიანობის პრობლემას“,"-აცხადებს კობახიძე.

კობახიძე ამბობს, რომ ინიციატივასთან კავშირში არ არის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, ფონდი „ქართუს“ მონაწილეობის შესახებ კი კობახიძის თქმით, თავად ორგანიზაცია ისაუბრებს.

კობახიძის განცხადებით, ბანკებმა აიღეს სოციალური პასუხისმგებლობა, პრემიერმა და მმართველმა გუნდმა კი რამდენიმე თვე იმუშავა პრობლემის გადასაჭრელად.

ამავე თემაზე
დღის ამბები