„ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში,“ - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძე თბილისში აგრესიული შინაარსის მქონე ბილბორდების გამოჩენას.
გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ როგორი შინაარსის ბილბორდიც არ უნდა გააკრას, მოსახლეობის შეხედულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„რა ბილბორდებიც არ უნდა გამოკიდონ თბილისში ან საქართველოში, ეს საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ სიდუხჭირეს, სოციალურ გაჭირვებას და პოლიტიკურ სასოწარკვეთას ვერანაირად ვერ უშველის. ამ კამპანიის განმავლობაში ე.წ. ქართულმა ოცნებამ და მისმა მამამთავარმა ივანიშვილმა ვერ გაიგო მთავარი - ე.წ. ქართული ოცნება გაერთიანებულ ოპოზიციას კი არ ებრძვის, გაერთიანებულ ოპოზიციასთან კი არ აგებს ამ კამპანიას, საქართველოს მოქალაქესთან აგებს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თბილისის ქუჩებში ახალი აგრესიული შინაარსის ბანერები გამოჩნდა. მასზე ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული.
"კურიერმა" გაარკვია, რომ ბანერის დამკვეთი ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია. დღეს კი მმართველი გუნდის ლიდერების ნაწილმა დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერები "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმდა. ერთადერთი მმართველი პარტიიდან ვინც აგრესიული შინაარსის ბანერებთან კავშირს უარყოფს, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძეა.