„ქართულ ოცნებას“ გარდა ნეგატივისა, არ გააჩნია არაფერი და მთლიანად გაკოტრებულია ეს პოლიტიკური გუნდი,“ - ასე აფასებს „პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი, თბილისში აგრესიული შინაარსის შემცველი ბანერების გამოჩენას.
საუბარია ბანერებზე წარწერით, "არა ნაცებს, არა ბოროტებას", რომელზეც ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამოსახულნი.
სერგო რატიანის შეფასებით, მმართველი პარტია საზოგადოებაში სიძულვილის დათესვას მუდმივად ცდილობს და ამ ბანერების გამოჩენაც ამაზე მეტყველებს.
„ისევ არიან იმაზე მიმართული, რომ სიძულვილი დათესონ საზოგადოებაში და ამ ბინძური გზავნილების გარდა მათ არ გააჩნიათ, ფაქტობრივად, არაფერი. ეს ადასტურებს, რომ ეს არის პანიკაში მყოფი წაგებული გუნდი,“ - ამბობს რატიანი.
აგრესიული შინაარსის ბანერები თბილისში გუშინ გამოჩნდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ბანერებს "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილის გადასარჩენად იყენებს.
კალაძისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ პარტიას ბიზნესმენებთა, რომლებმაც აღნიშნული ბანერები დაამზადეს, კომუნიკაცია ჰქონდა.