კომპანია „აუთდორმა“, რომელიც თბილისის ქუჩებში ბანერების გაკვრის ნებართვას გასცემს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს რამდენიმე თვის წინ სერვისით სარგებლობის უფლება არ მისცა - ამის შესახებ განცხადება მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ გაკეთდა.
მოძრაობის დამფუძნებელი დედაქალაქის ქუჩებში აგრესიული შინაარსის საარჩევნო ბანერების განთავსებას ეხმაურება. საუბარია ბანერებზე წარწერით, "არა ნაცებს, არა ბოროტებას", რომელზეც ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამოსახულნი.
ანა ჭარხალაშვილი იხსენებს, რომ გარკვეული პერიოდის წინ, როდესაც მათ ქუჩებში ანტისაოკუპაციო შინაარსის ბანერების გაკვრა უნდოდათ, კომპანიამ ბანერი ვიზუალის გამო დაიწუნა და განთავსების ნებართვა არ მისცა.
მოძრაობის წევრებისთვის გაუგებარია რატომ არ იმოქმედა შეზღუდვებმა, აგრესიული შინაარსის საარჩევნო ბანერების განთავსებისას.
„მაშინ, როდესაც ჩვენ გვსურდა ანტიოკუპაციური ბანერები განგვეთავსებინა, აუთდორმა მოგვწერა, რომ მსგავს ვიზუალს ვერ დაადასტურებენ და მეეჭვება, წითელ და შავთან ქონოდათ პრობლემა, ანუ სტენდალი არ მოსწონდეთ მათ. რა თქმა უნდა, იგულისხმა პოლიტიკური შინაარსი, ვიზუალში რადგან ეწერა, რომ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყანა. მაშინ, როდესაც 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიის, არ გამოინახა ჩვენი ოკუპაციის ბანერებისთვის ადგილი და ვხედავთ, რომ კონკრეტული პარტიის ისტერიისთვის და ზიზღისთვის, ბანერების განთავსება არის ხსნილი. ეს არის სიძულვილის ენის გაღვივება, ეს არის ძალადობის წახალისება,“ - ამბობს ანა ჭარხალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ორი დღეა თბილის ქუჩებში ახალი აგრესიული შინაარსის ბანერების გამოჩნდა. მასზე რომელზეც ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული. „კურიერმა“ გაარკვია, რომ ბანერის დამკვეთი ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.
ასევე მმართველი გუნდის წევრების მხრიდან დღეს დადასტურდა, რომ ბანერების დაბეჭვდვა-განთავსება, მათთან შეთანხმდა.