19 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
აპირებენ ვიდეოების გაშვებას, მონტაჟების გაშვებას... ივანიშვილი ამ არჩევნებს აგებს, პანიკაშია - მიხეილ სააკაშვილი

„ივანიშვილი ამ არჩევნებს აგებს. ვნახეთ, როგორ ისტერიკაშია,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „კურიერის“ ეთერში გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს განზრახ დანიშნა, რადგან არჩევნებში სასურველი შედეგი მიიღოს. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი არჩევნებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებს.

„ჯერ ერთი დანიშნა სამუშაო დღეს, რაც მე თავის დროზე ტექნიკური შეცდომა მომივიდა და ეგრევე გავასწორე 2013 წელს. ამან ჯიუტად დანიშნა სამუშაო დღეს. ასეთი უპრეცენდენტო ძალადობა, რაც ახლა ხორციელდება რეგიონებში ხალხზე, ფსიქოლოგიური და სხვანაირი წნეხი, მოსყიდვა, ასეთი რამ არ ყოფილა შევარდნაძის დროს. როცა გვეუბნებიან, რომ არა მიშას და დარბიან მაისურებით არა მიშას, სინამდვილეში არა მიშას კი არა, არა წარსულს უნდა ვუთხრათ, არა უნდა ვუთხრათ შევარდნაძის წარსულს, არა ძალადობას, არა ნარკომაფიას, ვიხილეთ ნაცვლიშვილი თქვენს კადრებში და ა.შ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ბევრი ეკონომიკური პროგრამის განხორციელება იგეგმება.

„ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, თქვენ ხომ იცით, რომ გატყუებთ. მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს. ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ. ნამდვილად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გია ვაშაძის გამარჯვების პირობებში, რომ ეს ფული შეიტყაპუნოს. ეს არის ის ფული, რომელიც მან მოგპარათ ბოლო 3 წელიწადში, ბიტკოინების ქარხნის გადაუხდელი დენით, ერთ ლარად მითვისებული სახელმწიფო ქონებით... თავისი ზვიგენივით არის, რომელიც ყველაფერს ჭამს, რაც გზაში შეხვდება... ივანიშვილი არის ბანკირი, მთავარი მევახშე. ივანიშვილი, ხაზარაძე, რუხაძე - ეს არის მაფია. როდის იყო მაფია უკან გაძლევდათ რამეს. მაფიას შეუძლია მოგატყუოთ, დაგაშინოთ, ზუსტად ის, რასაც ახლა შვრება, გამოგტაცოთ ხმა და მერე ისევ 6 წელი გძარცვოთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, რამდენიმე დღეში მმართველი გუნდი ყალბი ცანაწერების გავრცელებას გეგმავს. 

"ოთხშაბათიდან, ხუთშაბათიდან აპირებენ ვიდეოების გაშვებას, მონტაჟების გაშვებას, ყალბი ნიუსების სპეციალისტი, რომ ხალხი დაიშოკოს," - ამბობს სააკაშვილი.

დღის ამბები