„ცალმხრივი და პოლიტიკურად ანგაჟირებულია ზოგიერთი მათგანის მიდგომა" - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტების შესახებ.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას არანაირი საფუძველი არ აქვს.
გია ვოლსკი გამორიცხავს, რომ ვალების ჩამოწერის შესახებ მთავრობის ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვაა. მმართველი გუნდის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ცალმხრივი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.
„მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ყველამ იცის, რომ ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ აპრილიდან დაიწყო და საკმაოდ ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობდა. მოვუწოდებდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ იმ ვაუჩერებზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რიგდებოდა. ვინაიდან ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ და ცალმხრივი აქვთ შეფასებები უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ ცალმხრივი და პოლიტიკურად ანგაჟირებულია ზოგიერთი მათგანის მიდგომა,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით, ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდვის.
სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.