„იმის გამო, რომ შეიძლებოდა ეს შეფასებულიყო მოსყიდვად, ნახევარი მილიონი ადამიანის დატოვება მძიმე ფინანსური ტვირთის ქვეშ, არასწორი იქნებოდა,“- ეს განცხადება, ჯანდაცვის მინისტრმა ვალების ჩამოწერის შესახებ მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.
დავით სერგეენკო არასამთავრობო ორგანიზაციების იმ პოზიციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების დაპირება შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდეს. მინისტრის თქმით, მამუკა ბახტაძემ პრემიერად დამტკიცებისთანავე განაცხადა, რომ ვალების ჩამოწერის საკითხი მისთვის პრიორიტეტი იქნებოდა.
„პრემიერ-მინისტრის დამტკიცებისთანავე მან განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი იქნებოდა ამ საკითხის მოგვარება. იმ ეტაპზე შეუძლებელი იქნებოდა იმის თქმა, თუ რა საშუალებებით იქნებოდა განხორციელებული ეს. ეს საშუალება ახლა გაჩნდა „ქართუ ფონდის“ მიერ და ამაზე უარის თქმა იმის გამო, რომ შეიძლებოდა ეს შეფასებულიყო მოსყიდვად და ნახევარი მილიონი ადამიანის დატოვება მძიმე ფინანსური ტვირთის ქვეშ, არასწორი იქნებოდა,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდვის.
სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში, თუნდაც, ერთხელ და თუნდაც, მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.