„ალბათ, ნებისმიერი ადამიანი, ობიექტური დამკვირვებელი და ობიექტურად მოფიქრალი, ვისაც აქვს ელემენტალური ინფორმაცია, იტყვის და ეს იქნება მართალი, რომ ეს არის წარმოუდგენელი,“ - ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც პირადობების შესაძლო გაყალბებას ეხება.
მესამე სექტორის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყალბი პირადობის მოწმობის დაბეჭდვა მიმდინარეობს, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.
მამუკა მდინარაძე მსგავს ფაქტს წარმოუდგენელს უწოდებს, თუმცა, აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა უნდა დაიწყოს, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მესამე სექტორის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია.
„ალბათ, ნებისმიერი ადამიანი, ობიექტური დამკვირვებელი და ობიექტურად მოფიქრალი, ვისაც აქვს ელემენტალური ინფორმაცია, იტყვის და ეს იქნება მართალი, რომ ეს არის წარმოუდგენელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ამასთან დაკავშირებით გამოძიება, რომ გაირკვეს ყველა დეტალი. არ დარჩეს არც ერთი კითხვა. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა მიმართულებით იქნება, ჩემი აზრით, გამოძიება ჩასატარებელი და უნდა გაეცეს პასუხი, რამდენად რეალური იყო ეს ინფორმაცია, 1% ამ ინფორმაციის ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის აქ რაღაც საბოტაჟის, პროვოკაციის ნიშნები, რა წყაროებზეა საერთოდ საუბარი და არსებობენ თუ არა ასეთი წყაროები,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.