საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გამოკვეთილ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და გამოიკვეთა შესაძლო დარღვევები, მათ შორის, ამომრჩეველზე ზეწოლა და საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით გაცემული დაპირებები.
ანა ნაცვლიშვილი ასევე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გაყალბების მიზნით, სავარაუდოდ, იგეგმება ყალბი პირადობების დამზადება.
ანა ნაცვლიშვილი ყველა შესაბამის უწყებას დროული რეაგირებისკენ და დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება შესაძლო ზეწოლების შესახებ, საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით დაპირებების შესახებ. ასევე, გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესახებ, რომლებიც იწვევს ნამდვილად შეშფოთებას და აჩენს ბევრ კითხვას. არჩევნები არის ისეთი პროცესი, როდესაც როგორც კი ჩნდება კითხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამას მოჰყვეს მყისიერი რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან და კითხვები მოიხსნას მყისიერად იმიტომ, რომ ყოველი დაყოვნებული დღე და საათი ამ კითხვებს აძლიერებს,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.
საია-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის, განცხადებით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის.
საია-ის ინფორმაციით, ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.