19 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
მზადება ტოტალური გაყალბებისთვის - არასამთავრობო სექტორის უმძიმესი ბრალდება "ოცნების" ხელისუფლების მისამართით

მზადება ტოტალური გაყალბებისთვის - არასამთავრობო სექტორის უმძიმესი ბრალდება ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით.

საქართველოს ყველაზე გავლენიანი და ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობოების მტკიცებით, იუსტიციის სამინისტრო ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს, რომლებსაც შემდეგ საარჩევნო კარუსელისთვის გამოიყენებენ.

კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნით, სამ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას თავად სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ არჩევნების პირველ ტურის წაგების შემდეგ მმართველმა გუნდმა პირადობის ყალბი მოწმობების ბეჭდვა დაიწყო და ამ პროცესს კი თავად სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე, ხელმძღვანელობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ერთი ფოტოთი და ხუთი ყალბი პირადობის მოწმობა იბეჭდება, სადაც სახელი, გვარი და პირადი ნომერი განსხვავებულია.

იმისთვის, რომ სქემა საიდუმლოდ დარჩენილიყო, რეგიონალური მენეჯერები ხელმძღვანელებმა მივლინებით სხვაგან გააგზავნეს და მოვალეობის შესრულება პარტია ქართული ოცნების ნდობით აღჭურვილ პირებს დააკისრეს.

ფაქტები კურიერმა გადაამოწმა - წალენჯიხის სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, დემურ ფიფია, ნამდვილად მივლინებაში იმყოფება. ის არჩევნების ბოლომდე სამუშაოდ გლდანის სერვისცენტრში გადმოიყვანეს.

არასამთავრობო სექტორის ბრალდებებმა დღეს სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი წყობიდან გამოიყვანა და ყველაზე გავლენიანი არასამთავრობოები ცილისწამებაში დაადანაშაულა.

საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ ოპოზიცია მოუწოდებს. გამოძიებას მოითხოვს მმართველი გუნდიც, რომელსაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ფაქტების არ სჯერა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამომძიებლების შეკითხვებზე პასუხი გაცემა ხვალ მოუწევთ. ისინი პროკურატურაში დღის პირველ ნახევარში დაიბარეს. 

დღის ამბები